ჟურნალი ნომერი 5 ∘ მეგი კაზეიშვილი პოსტმოდერნიზნის ნიშნები ნაირა გელაშვილის მოთხრობაში „ჩვენება“ (ანაბეჭდები)ნაირა გელაშვილი თანამედროვე ქართველი მწერალია, მისი რომანი საინტერესო და მრავალფეროვანია. ნაირა გელაშვილი პოსტმოდერნისტი მწერალი არ გახლავთ, მეტიც, თავად უარყოფს პოსტმოდერნისტული ნიშნების არსებობას მის ნაწარმოებებში, ამბობს კიდეც: „პოსტმოდერნიზმი იგივეა, მიცვალებულს რომ მაკიაჟი გაუკეთოო“. მიუხედავად ამისა, მის ნაწარმოებებში პოსტმოდერნისტული ტენდენციები აშკარად იკვეთება.
ნაირა გელაშვილის მოთხრობაში „ჩვენება“(ანაბეჭდები) ვხდებით პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, ესენია: ალუზია, რიზომა, ორმაგი კოდირება, ინტერტექსტი, ფრაგმენტულობა, ირონია. ეს ნაწარმოები ფორმის თვალსაზრისით უნიკალური და გამორჩეულია, ვინაიდან, ტექსტი აგებულია დოკუმენტებზე. თუმცა, სანამ ამ ნაწარმოებისთვის დამახასიათებელ ნიშნებზე გადავიდოდეთ, განვმარტოთ ისინი, როგორც სოფიკო ძნელაძე აღნიშნავს: „პოსტმოდერნიზმის მახასიათებელი ნიშნები ცალსახად აღიქმება როგორც სიახლე, რომელმაც აალაპარაკა მსოფლიო ლიტერატურული სამყარო და არა მარტო... მან ხელოვნების სხვა დარგებშიც დატოვა კვალი.“ [ძნელაძე, 2018 A:40]
ორმაგი კოდირება მკითხველს აძლევს საშუალებას თავისი ინტერპრეტაციით წაიკითხოს ნაწარმოები. „ორმაგ კოდირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის წარმოდგენაზე თამაშისას“ [A ძნელაძე, 2018:45]. რაც შეეხება ალუზიას, იგი მხატვრული გამომსახველობითი ხერხია, რომლითაც მივანიშნებთ რომელიმე სხვა მხატვრული ტექსტის დეტალებზე, გამონათქვამებზე, ისტორიულ ან ყოფით ფაქტზე, ასევე ალუზიის მეშვეობით გარედან შემოტანილი ელემენტები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ტექსტის აზრობრივ-კომპოზიციური სტრუქტურის კვანძებად იქცევა.
როგორც ვთქვით, ორმაგი კოდირებითა და ალუზიებით არის აგებული ნაირა გელაშვილის მოთხრობა „ჩვენება” (ანაბეჭდები). თხზულების ორიგინარულობას ტექსტის ფორმა ქმნის, გვხვდება ორმოცდაათამდე დოკუმენტი, ე.ი. ავტორისთვის ალუზია „კომპოზიციური სტრუქტურის კვანძებად ქცეულა“. ყველაფერი მთავარი გმირის, გიორგი გიორგობიანის, დაბადებით იწყება. ეს დაბადება კი მეტწილად დოკუმენტებით არის გადმოცემული. ავტორმა ნაწარმოების დასაწყისად გიორგის დედის, ნინო ლაბაძის, მშობიარობის ისტორია და ანამნეზი გამოიყენა. ამას მოყვება ქალის მშობიარობის სხვადასხვა გართულება, რა თქმა უნდა, გამოხატული დოკუმენტური მასალით. აქ ვხდებით მშობიარე ქალის ფიქრებსა და განცდებს, რომელიც ანაბეჭდებად რჩება ჩვენს ტვინში. ჩვენ ვიგებთ, როგორ უყვარს ნინოს ალუბლის ნამცხვარი და შემდეგ როცა უკვე გიორგი დიდია, ჩვენ ამ საკვებთან მიმართებით სხვადასხვა ასოციაცია გვიჩნდება.
ავტორი გვიჩვენებს ქალის დამოკიდებულებას შვილის მიმართ და ჩვენს ფიქრებში უკვე შემოდის არასასიამოვნო სურათი, ვინაიდან, საბუთებით ჩანს ქალის მდგომარეობის გაუარესება. ქალი იმედით ესაუბრება მუცელში მყოფ შვილს : „მე გოგო მინდა იყო, რა ფერის თვალები გექნება? ინგას დაგარქმევ, ჯერ არავისთვის არ მითქვამს. თუ ბიჭი იქნები, მამაშენმა დაგარქვას?“. [გელაშვილი, 1990:131]. ბიჭი ეყოლება და სახელსაც ვერ შეურჩევს თვითონ, თუმცა სახელი ინგა, რომელიც მას სურდა დაერქმია, თუ გოგო ეყოლებოდა, ჩვენს გონებაში აღიბეჭდა და მაშინ გაცოცხლდა, როცა გიორგის ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი ინგა. მკითხველს უამრავი აზრი უტრიალებს თავში, ეს სწორედ ორმაგი კოდირების შედეგია .
ჩვენ ნაწარმოებში გვხდება ძველი წიგნის ფურცლებზე მოქცეული ტექსტი, რომელიც მოიცავს გიორგისა და მისი დედის ცხოვრებას: „სად და როგორ დაგაღონებს ის მოგონება,როცა სხეულის თბილ ბუდეში ნაზად გათბობდნენ, ამან თუ აღგითქვა ბედნიერება, იქ დაგპირდნენ ალერსს, სიყვარულს, იქ მიგაჩვიეს და ეძებ, ეძებ მერე შენს გზაზე მუდამ ჯიუტად ...ხან მზეს ეძახი: დედავ, მიმიღე, ხან მთვარისკენ გაიწვდენ ხელებს, ხან ვარსკვლვს მიაბჯენ წამწამს, ხან ბალახისკენ გადაიხრები...“ [გელაშვილი, 1990:136] ამ სიტყვებში აშკარად იკვეთება საკეისროს ძალით გამოდევნილი და მუდამ დედის სითბოს მაძებარი გიორგის ცხოვრება. ეს წიგნი გიორგის მამის ჯიბეში აღმოჩნდება მაშინ, როცა სამშობიაროსთან შვილის დაბადებით გამოწვეული სიხარული უნდა შეიგრძნოს, თუმცა როცა ამ სიხარულს სხვა, ტკივილი, დაემატება, როგორც ჩანს ამ „საზარელ“ წიგნს ბნელ კარადაში გამოკეტავს. სწორედ მას იპოვის მრავალი წლის შემდეგ გიორგი გიორგობიანი და ინგას მიმართ დაწერილ წერილში აღნიშნავს: „ნეტა ვისი დაწერილია, თავფურცელიც აკლია და ბოლოც, ეტყობა ამის დამწერმა რაღაც მართლა ბოლომდე იცის და მართლა უნდა კაცი ყველაფრის აზრზე იყოს..“[გელაშვილი, 1990:157]. ამის შემდეგ ნაირა გელაშვილი კვლავ გვიჩვენებს ტექსტს, ოღონდ ამჯერად უფრო ვრცლად, რაც სხვადასხვა აზრს აღძრავს მკითხველში. რადგან ეს წიგნი გიორგის დედას უკავშირდება, ყველა სიტყვაში ქალს ვეძებთ. ავტორი კი დუმს, მკითხველის ფიქრებს უთმობს მთელ ასპარეზს, რაც ორმაგი კოდირების შედეგია. ჩვენ კი გვიჩნდება განცდა, რომ, როგორც გიორგიმ აღნიშნა, ამის დამწერმა მართლა იცოდა რაღაც, თითქოს თვალწინ გიორგის მიმართ წარმოთქმული მთელი ცხოვრების ნაგროვები დედის დარიგება იშლება: „სულში აიგე თეთრი შენობა, უხილავი, თბილი ტაძარი,მყარია იგი და ვერ წარეცხ ჟამი, უკეთუ სხივი სიმართლის და სიყვარულისა მის სარკმელში შემოიღვრება...“ „არის ნათელი, რომელსაც ჰპოვებ თუკი მოსძებნი და ძებნის ტანჯვას არ განელტვები... და გაპოვნინებს იგი სიხარულს, რომელსაც დად ჰყავს ცრემლი გამხდარი და ამიტომაც სრულია იგი, ის სიხარული...“[გელაშვილი, 1990:159].
გიორგი გიორგობიანის ცხოვრების მიმდინარეობას დოკუმენტებით ვადევნებთ თვალს. ავტორი თითქოს გვერდიდან აკვირდება ჩვენს მიმიკას. ჩვენ წარმოგვიდგინა გიორგის ცხოვრება დაწყებული ამონაწერით ბავშვთა რაიონარული სასამართლოდან, სადაც გიორგი პირობას დებს, რომ აღარ გადაურბენს ავტობუსს, შემდეგ ავტორს გიორგის ატესტატი შემოაქვს, სადაც დაკვირვებით ვადევნებთ თვალს მის ნიშნებს. გიორგობიანის განაჩენსაც შევხდებით და ერთწლიან თავისუფლების აღკვეთასაც დავინახათ, თუმცა ამას მოჰყვება ავტობიოგრაფია, სადაც გმირი უმაღლესში ჩაბარების სურვილს გამოთქვამს, შემდეგ მოჰყვება ჩათვლის წიგნაკი, რომ მიღებულია გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე და გიორგისთან ერთად ჩვენც გვიხარია, რადგან ბიჭს ცხოვრების ახალ ეტაპზე ვხედავთ და განაჩენს, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა, ვივიწყებთ. ამ ალუზიებით ავტორი მკითხველს მხოლოდ ფაქტებს წარმოუდგენს, ფანტაზიას კი გზას უთმობს. მათ თითოეული მკითხველი სხვდასახვაგვარად წაიკითხავს. სწორედ ეს არის ორმაგი კოდირების შედეგი.
თუმცა ჩვენ დეტალებზე წვდომას ვცდილობთ, ავტორის განმარტების გარეშე რთულია, ამის გამო ნაირა გელაშვილი იწყებს მკითხველთან საუბარს, რაც პოლემიკაში გადაიზრდება. „პოსტმოდერნისტული თხრობის ამგვარ შემთხვევაში ავტორის განმარტების გარეშე ფონს ვერ გავალთ. ავტორმა თვითონ უნდა გაშიფროს კოდი, უნდა აგვიხსნას, რატომ იყენებს ამა თუ იმ უცნაურ მხატვრულ ხერხს. მოკლედ აქ საჭირო ხდება ავტორის ესეისტურ-თეორიული ჩარევა თხრობაში ანუ საჭირო ხდება მეტატექსტი ტექსტი ტექსტის შესახებ“ [ბრეგაძე, 2008: 190]. როცა ავტორს ბრალს წაუყენებს მკითხველი, საიდან შეგიძლია ფიქრები გაიგოო, ასე პასუხობს: „საიდან ვიცი მათი ფიქრები? აი, ამგვარად, როგორც გითხარით, მე ხომ უცნაური გზებით დავდივარ. ზოგი ბილიკის არსებობა თავად არ მჯერა...მაგრამ მაინც გეტყვით, მე მათთან სახლშიც მივედი“, „ეგებ ფიქრები ჰაერში რჩება? ეგებ ნივთებზეც ილექებიან? იმ ნივთებზე ფიქრის გაჩენას რომ ესწრებოდნენ? იქვე იყვნენ გატრუნულები, თან ახლდნენ დაძაბულად მოფიქრალ კაცს“. [გელაშვილი, 1990:149] როგორც სოფიკო ძნელაძე აღნიშნავს, „თავად მწერალი ირგებს მთავარი პერსონაჟის ნიღაბს და ისე ჩნდება თხრობაში. ავტორთან ერთად ნაწარმოების მოქმედი პირი ხშირად მკითხველიც ხდება“. [ძნელაძე, 2018 B:385].
აღსანიშნავია, რომ „მოთხრობაში მკითხველსა და ავტორს შორის გამართულ პოლემიკაში, გამოხატულია ავტორის ნიღაბიც, პოსტმოდერნისტული მსოფლიო განცდაც, ირონიაც.“ [მირცხულავა, 2009:24]. ოღონდ აქ საუბარია არა პიროვნების მიმართ ირონიასა და დაცინვაზე. არამედ ცხოვრების მიმართ, ბედის ირონიას გვიხატავს ავტორი და სწორედ აქ იწყება პრინციპი „ეს რომ ასე არ მომხდარიყო“, რაც ადამიანის გონების თანმდევი მოვლენაა, ზოგადად. ავტორი აღნიშნავს: „ეს დღე დედის სიკვდილის დღე რომ არ ყოფილიყო, როდესაც ორნი საფლავზე გადიოდნენ ყოველ წელს, მამა და შვილი, ამიტომ რომ არ ეჩქარა ქალაქში დაბრუნება და მუხრუჭი უყურადღებოდ არ დაეტოვებინა...“[გელაშვილი, 1990:163] ამ ფრაზებში სრულიად იკითხება გიორგობიანის მდგომარეობაც, ვინაიდან ახსენდება სიზმარი, რომელშიც ხელები ზემოდან ჩამოდიოდნენ და მის წაყვანას ლამობდნენ, სწორედ იმ დროს ახსენდება, როცა თხრილს უახლოვდება და ავტორი დანანებით აღნიშნავს: „დედა რომ არ ჰყოლოდა მვდარი და თან ის დღე მისი დაბადების დღე არ ყოფილიყო“[გელაშვილი, 1990:164] გიორგობიანის ცხოვრება ხომ დედის სიკვდილით იწყება და მისივე გარდაცვალების დღით სრულდება. მკითხველი გრძნობს დედა-შვილის დაკავშირებას უხილავი ძაფით.
შემდეგ კვლავ შემოდის ალუზიები და საავადმყოფოს საბუთებზე ნინო ლაბაძის ისტორია გვახსენდება, იწყება ახალი სიკვდილი და მკითხველსაც აღარ სურს ეს წაიკითხოს, მაგრამ თვალს ადევნებს და თან განიცდის, ამას ემატება მამის სიმძიმე, როცა შვილის უბედობას მწარედ შეიგრძნობს. „მის ტრაგედიას რიგით გეოლოგად დარჩენა, უსახსრობა, არარელიგიურობა, პირად ცხოვრეში სრული ქაოსი და კიდევ უამრავი პრობლემა უწყობდა ხელს.“ [ძნელაძე, 2018 B:387].
ნაწარმოებს ასრულებს ალუზიით, ამონაწერით საკლასო რვეულიდან, სადაც მესამე კლასელ გიორგის ჩიტობა სურს და დედასთან ერთად ფრენა. ნაწარმოებს და მთავარ გმირს თან სდევს დედის უკმარისობა.
მოთხრობაში აღწერილია ადამიანის სულის ტკივილი, ადამიანების უბედობა და ემოცია. როგორც სოფიკო ძნელაძე აღნიშნავს: „ავტორმა მოშალა ყოველგვარი ზღვარი გმირსა და მკითხველს, ცხოვრებასა და ხელოვნებას შორის, მან ოსტატურად შეუთავსა ერთმანეთს რეალური და გამონაგონი ფაქტები. ის ჩაერია თხრობაში და მკითხველიც ჩაითრია პოსტმოდერნისტულ თამაშში“ [B ძნელაძე 2018:388]. „ვკითხულობთ „ჩვენებას“ და უცნაური რამ ხდება: ეს მშრალი,შაბლონური, კანცელარიული სტილით შედგენილი სახეები ამ გარემოში (მხატვრულ ნაწარმოებში) მოხვედრილი, მოულოდნელად უჩვეულო ემოციურ ძალას იწვევს, ამის მიზეზი ორმაგი კოდირება გახლავთ.“ წერს ლელა მირცხულავა და ვეთანხმები ამ მოსაზრებას. [მირცხულავა, 2009:26].
გიორგი გიორგობიანი შეიძლება ტრაგიკულ გმირად მივიჩნიოთ, რომლის ტრაგიზმიც მისი დაბადებითა და დედის გარდაცვალებით იწყება, შემდეგ ბავშვობა, მუდამ მამის მომლოდინე და დედის ალერს მონატრებულია, იმდენად, რომ ჩიტად ყოფნა და დედასთან გაფრენა სურს. შემდეგ, თავისუფლების აღკვეთა და რაღაც კარგიც, გეოლოგობა, მაგრამ არც ეს არის სრული, მან ვერ ჩააღწია „ზღვის ფსკერზე“, ვერც ოჯახი შექმნა სრულყოფილი, ბოლოს კი თვითონაც დედის სიკვდილის დღეს გარდაიცვალა. გიორგობიანის ცხოვრება ერთი ფრაზის ირგვლივ ტრიალებს - „ეს რომ ასე არ ყოფილიყო“. მთელი მისი არსებობა ირონიაა, ბედის ირონია.
ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე-20 საუკუნის 70-80-იანი წლების ქართულ პროზაში უკვე შეინიშნება განსხვავებული ხედვები, რაც ახლოსაა პოსტმოდერნიზმთან. ეს კარგად იკვეთება ნაირა გელაშვილის აღნიშნულ მოთხრობაში.
ლიტერატურა:
ბრეგაძე ლ. 2008. მოთხრობები ლიტერატურაზე. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი.
გელაშვილი ნ. 1990. „მთვარით განათებული ბაღი“ მოთხრობების კრებული. თბილისი.
მირცხულავა ლ. 2009. „პოსტმოდერნისტული ტენდენციები მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ პროზაში“. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია. თბილისი.
ძნელაძე ს. 2018 A. „პოსტმოდერნისტული ტენდენციები თანამედროვე ქართულ რომანში“.ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. თბილისი.
ძნელაძე ს. 2018 B. პოსტმოდენისტული რომანის ქართული ორიენტირები ნაირა გელაשვილის ორი ნაწარმოების „ანაბეჭდები“ და „მივემგზავრები მადრიდს“ მიხედვით, კრებულში: სამეცნიერო შრომები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი. - http://press.tsu.ge/data/image_db_innova/XVI-redaktirebul-PRINT.pdf - გვ.383